„მემლექეთზე ფიქრებით“ 1.2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“

„მემლექეთზე ფიქრებით“ 1.2017

„მემლექეთზე ფიქრებით“ 1.2017

„მემლექეთზე ფიქრებით“ 1.2017 

მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა, სახელწოდებით “ მემლექეთზე ფიქრებით“. ჩვენ, რადიო „თურქეთის ხმის“ კოლეგიურმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ მოვიდა დრო ვისაუბროთ თურქეთელ ქართველებზე, მათ ცხოვრებასა და საქმიანობაზე.

თურქეთელი ქართველების ხსენებისას სიფრთხილე მმართებს, რადგანაც თუკი მათ საქართველოს ქართველებისგან განსხვავებულ ეთნოსად მოვიხსენიებ, ვიცი რომ მათი კრიტიკის ქარცეცხლში გავეხვევი. თუმცა ერთი რამ ისედაც ცხადია, რომ საზღვრის აქეთა და იქეთა ქართველები ერთი ფესვიდან არიან ამოზრდილნი. ამიტომაც გადის საუკუნეები და ამ ფესვებისადმი დამოკიდებულება შეიძლება დროსთან ერთად შეიცვალოს, მაგრამ მეხსიერებაში დარჩენილი გენეტიკური კოდი არ იკარგება.

თურქეთელ ე.წ. მუჰაჯირ ქართველებზე საუბარს, მათ შესახებ სხვადასხვა ენაზე გამოცემული წყაროები გამიადვილებს. თუმცა მხოლოდ წიგნებსა თუ სტატიებში გამოქვეყნებულ ლიტერატურას რომ არ დავჯერდებით, ესეც ცხადია. გადაცემაში თურქეთელი ქართველების ინტერვიუებსა და მათ მოგონენებს ჩანაწერის სახითა თუ თარგმანის მეშვეობით გაგიზიარებთ. ეს ალბათ, უფრო ცოცხალს გახდის ჩვენი გადაცემის ფორმატს და საზღვრის აქეთ დარჩენილი ქართველები საზღვრის მიღმა ქართველებს ჩვენი გადაცემის საშუალებითაც მიაწვდენენ ხმას. როგორც აღვნიშნე, გადაცემა იქნება სხვადასხვა შინაარსის. თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფა-ცხოვრებასა და საქმიანობას ეთნოგრაფიის, ლიტერატურის, სოციოლოგიის, მიგრაციის, ისტორიის ჭრილში დავინახავთ და ამ თემებს მსმენელსაც გავუზიარებთ.

გარდა ამისა, აქვე მინდა გავიხსენო ერთი ამბავი, რომელმაც უფრო საფუძვლიანად გადამაწყვეტინა, რომ აქ, ამ რადიოს მეშვეობით, არა მარტო საჭირო, არამედ აუცილებელიც კი იყო, რომ საზღვრის ორივე მხარეს მყოფ ქართველებს ერთმანეთისთვის სათქმელი გაეზარებინათ. ანკარის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ODTU-ში) ყოფნისას, ბიბლიოთეკაში ლექციისთვის მასალის მოძიების შემდეგ, უკვე საღამო ხანს ჩემს თურქ მეგობართან ერთად კაფეში ჩაის თანხლებით საუბარი გადავწყვიტე და ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული კაფეებიდან გულმა იქეთ გაგვიწია, საიდანაც ცოცხალი მუსიკის ხმა მოდიოდა, და განსაკუთრებით, აკორდიონის ე.წ. გარმონის ხმა ქუჩაშიც აღწევდა. ამ ამბავში ალბათ მოსაყოლად ღირებული ბევრი არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კაფეში შესვლისას, პატარა სცენაზე სამი წვერიანი ახალგაზრდა საკმაოდ შესამჩნევი აქცენტით ქართულად „გელინოს“ მღეროდა და გაკვირვებისაგან დაბნეულმა დაჯდომაც ვერ მოვიფიქრე, ასე ფეხზე მდგარმა მოვუსმინე მათ ქართულ სიმღერას, რბილი „ლ“, „ყ“-ს ნაცვლად „კ“ და კიდევ ბევრი ასო-ბგერის შერბილებულმა ვერსიებმა ყური მომჭრა. მაგრამ ეს არაფერი, იმასთან შედარებით, რამაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია. მე არ მიკითხავს მათი ეროვნება, როგორც მერე გავარკვიე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ ართვინიდან. სწორედ ამ შემთხვევითმა ამბავმაც დამაფიქრა იმაზე, რომ ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც თურქეთია, (მის ტერიტორიასა და მოსახლეობის რაოდენობას ვგულისხმობ) ქართველები თვითმყოფადობას, კულტურასა და ტრადიციებს როგორ ინარჩუნებენ. მე წლების მანძილზე მიმოგზაურია თურქეთში საუკუნეების წინ საქართველოდან ემიგრირებული ქართველებით დასახლებულ რეგიონებში, სოფლებში. ახლოდან მინახავს და მეც ჩავრთულვარ მათი ტრადიციული რიტუალების შესრულებაში. მომისმენია და ავუტირებივარ კიდეც მათი აჭარული ქართულით გამოხატული დარდითა თუ სიხარულით გადმოცემულ სათქმელს. მე სწორედ მათთან საუბრისას და ურთიერთობისას მივხვდი თუ რა ძალა აქვს სალაპარაკო ენას. ენამ შეიძლება შემოინახოს ის, რასაც ისტორია ვერ ინახავს. ენა, ერთგვარი ინდიკატორია იმისა, თუ რას ფიქრობს, რას გრძნობს ხალხი, მითუმეტეს საუკუნეების მანძილზე თავის მიწას მოწყვეტილი და მეზობელ ერში უმცირესობის სტატუსით დარჩენილი ადამიანები. ამიტომაც ენა, ხშირად რელიგიასაც უკან იტოვებს და თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთ გზად გვევლინება.

თურქეთში მცხოვრები ქართველები ოფიციალურად „ქართული წარმომავლობის თურქებად“ იწოდებიან, არაოფიციალურად „გურჯები“ არიან, ერთმანეთისთვის კი „ჩვენებურები“. ადრე „ქართველი“ს ხმარებას ერიდებოდნენ - მათთვის იგი „ქრისტიანსაც“ ნიშნავდა. დღეს თურქეთში ქართველის ხსენება არავის აფრთხობს, თუმცა „თურქეთის ქართველს“ „თურქეთელ ქართველს“ ამჯობინებენ.

დღეს უკვე ბევრი მკვლევარია, ვინც თურქეთში არსებულ ქართულ სოფლებსა და ქართველების ყოფა-ცხოვრებას იკვლევს. ერთ-ერთი პირველი გახლდათ ამერიკელი ეთნოგრაფი პოლ მაგნარელა, რომელმაც თურქეთში ინეგოლის რეგიონის ქართული სოფელი ჰაირიე შეისწავლა ეთნოგრაფიული კუთხით და მასზე წიგნიც კი გამოსცა. ამიტომაც მისი ეს წიგნი შემდგომში მსგავსი კვლევების ჩასატარებლად მაგალითიც კი გახდა. ამ ეთნოგრაფის შესახებ ჩვენ ცალკე ერთ გადაცემას მოვამზადებთ. რაც შეეხება ჩვენს შემდგომ გადაცემას, საუბარს ისევ თურქეთელი ქართველების შესახებ გავაგრძელებთ და მათი თურქეთში გადასახლების პერიოდსა და მიზეზებზე ვისაუბრებთ.

 



მსგავსი ინფორმაციები