„ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ 02/2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ ორჰან ფამუქი

„ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ 02/2017

 

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’
ორჰან ფამუქი

მოგესალმებით, დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ თანამედროვე თურქული ლიტერატურული მოვლენის, შეგვიძლია ვთქვათ, უმეტოქო რომანისტის, ორჰან ფამუქისა და მისი რომანების ქართული თარგმანების შესახებ.

რა განაპირობებს ორჰან ფამუქის პოპულარობას მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში. საინტერესოა, რა არის მისი მწერლობის „საიდუმლო“. 2006 წელს მან ნობელის პრემიაც კი მიიღო და ამით თურქული საზოგადოება გაანაწყენა კიდეც. თუმცა თურქების ამ არაადეკვატურ რეაქციას სხვა მიზეზიც ჰქონდა, მაგრამ ამ საკითხის განხილვა ჩვენი გადაცემის თემას დაგვაშორებს. ამიტომაც ვფიქრობ, ჩვენს გადაცემაში ორჰანის მწერლური სამყაროს გაცნობა გაცილებით საინტერესო იქნება, ვიდრე მის პოლიტიკურ შეხედულებებზე მსჯელობა.

დავიწყოთ იქიდან, რომ ორჰან ფამუქი თავის თავს „ისტანბულლუ“ს ანუ „სტამბოლელს“ უწოდებს. აქ იგულისხმება არა თურქული წარმოშობა, არამედ იმ ქალაქის მკვიდრობა, სადაც ის და მისი წინაპრები დაიბადნენ. სტამბოლი კი არის არა მხოლოდ თურქული სამყაროს ნაწილი ქალაქი, არამედ ის არის ცივილიზაციების გადაკვეთის ადგილი. „სტამბოლელი“ ორჰან ფამუქის გაგებით ნიშნავს არა ნაციონალურ ტერმინს. ორჰანი, მისივე თქმით, არის მსოფლიო ცივილიზაციების შვილი და ამას მისი „სტამბოლელობა“ განაპირობებს.

გვარი „ფამუქი“ თურქული ენაზე ბამბას ნიშნავს. ორჰანის წინაპრები ბამბით მოვაჭრენი ყოფილან. თურქეთის ქალაქ მანისადან სტამბოლში საცხოვრებლად ჩამოსული ორჰანის ბაბუა ინჟინერი ხდება და ათათურქის პრეზიდენტობის პერიოდის თურქეთში წერა-კითხვის მცოდნე ინტელექტუალ ადამიანებს შორის ადგილს იკავებს. შემდეგში სარკინიგზო პროექტებს ქმნის და წლების შემდეგ მდიდარი სტამბოლელის სტატუსსაც მოიპოვებს. მდიდარი წინაპრებისგან დატოვებულმა ქონებამ ორჰანს თითქოს გაუადვილა სამწერლობო ასპარეზი. წლების შემდეგ ორჰანი იტყვის, რომ მისი პროფესია მხოლოდ მწერლობაა. რა თქმა უნდა, ამის უკან ის მატერიალური სიძლიერე დგას, რამაც შემდეგში ხელი შეუწყო, რომ მთელი ცხოვრება წერისთვის მიეძღვნა.

განუწყვეტელი მუშაობისა და მუდმივად კითხვის შედეგია სწორედ ის, რომ ორჰან ფამუქი დღეს 10-ზე მეტი რომანისა და რომანთან დაკავშირებული კვლევებისგან შემდგარი წიგნების ავტორია. მისი რომანები მსოფლიოს 60-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. ფამუქის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. როცა მას ერთხელ ჰკითხეს თუ რა განაპირობებს მისი შედევრების ასეთ დიდ რაოდენობას, მან უპასუხა: „ჩემი მწერლობის საიდუმლო შედგება 70% მეცადინეობისაგან, კვლევებისაგან, კითხვისაგან და სულ რაღაც 30% მუზებისაგან“. 23 წლის ასაკში დაწერა პირველი რომანი „ჯევდეთ ბეი და ვაჟიშვილები“. რომანს დიდი ხნის განმავლობაში არ უბეჭდავდა არცერთი გამომცემლობა. კრიტიკამ კი ვერც კი დაიჯერა, რომ 23 წლის ახალგაზრდა მსგავს შედევრს დაწერდა. გამჭრიახმა ორჰანმა კი ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება სახელწოდებით: იყიდება რომანი! „მილიეთმა“ ანუ „ეროვნული“ სახელწოდების გამომცემლობამ რომანი დაბეჭდა. ორჰანი არ შეუშინდა კრიტიკის მწვავე შეფასებებს და მეორე წელსვე დაწერა რომანი „მდუმარე სახლი“.

ორჰან ფამუქის რომანების საერთო მახასიათებელი აღმოსავლურ-დასავლური სამყაროს შეხვედრაა. ორჰანი თავადაც აღნიშნავს, რომ ის აღმოსავლურ ფესვებზე ამოზრდილი დასავლური მანერებისა და მსოფლხედვის მქონე ადამიანია. ევროპულობისაკენ სწრაფვა და გულისწყვეტა იმაზე თუ დღემდე რატომ ვერ გახდნენ თურქები ევროპელები, მისი პოსტმოდერნისტული რომანის ლაიტმოტივია.

რა არის პოსტმოდერნისტული რომანი და როგორ გამოიყენა თავის რომანებში ორჰან ფამუქმა ეს ახალი ლიტერატურული მიმდინარეობა. სიტყვა პოსტმოდერნიზმი „მოდერნიზმის შემდგომ“ ეტაპს ნიშნავს. პოსტმოდერნისტულ ლიტერატურულ მიმდინარეობაში რომანი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ასეთ რომანში მწერალი თითქოს არ ჩანს, ის გზას აღარ უჩვენებს მკითხველს და ნაწერი თანმიმდევრული სიზუსტითაც არ ხასიათდება. მწერალი რაც შეიძლება ფერადოვანს ხდის აღსაწერ მოვლენებს და რომანში ე.წ გასართობი ელემენტები შეაქვს. პოსტმოდერნისტული რომანი შეგიძლიათ დაიწყოთ ბოლო გვერდიდანაც და დასაწყისამდე ისე წაიკითხოთ, რომ აზრის გამოტანა არ გაგიჭირდებათ. ასეთ რომანში პერსონაჟს გამოკვეთილი ვინაობა არ აქვს, მან შეიძლება რომანის დროის განვითარების ფონზე მრავალჯერ განიცადოს ტრანსფორმაცია. ცნობილი მწერალი და კრიტიკოსი უმბერტო ეკო პოსტმოდერნისტული რომანის შესახებ წერს: „როცა შემოქმედი წერას დაამთავრებს, იმისათვის, რომ მკითხველს ხელი არ შეუშალოს, უნდა მოკვდეს.“ სერბი ნოველისტი მილორად ფავიჩი კი ასეთ მოსაზრებას გამოხატავს პოსტმოდერნისტული ნაწარმოების შესახებ: „სულ ნიჭიერ მწერლებზე ვსაუბრობთ, მოვიდა დრო, რომ ნიჭიერ მკითხველზეც ვისაუბროთ.“ ისევ უმბერტო ეკოს თქმით, პოსტმოდერნისტული რომანი ხელსაწყოა, რომელიც კომენტარების ზღვას წარმოქმნის. რაც შეეხება ორჰან ფამუქის პოსტმოდერნისტულ შეხედულებებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებით ბოლო ხანებში დაწერილ მის რომანებში „ინტერტექსტი“ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ანუ ერთმანეთისაგან განსხვავებული ტექსტების კავშირი მასთან ბუნებრივი პროცესია, ეს ეხება არა მარტო მისი რომანების ერთმანეთთან თემატურ კავშირს, არამედ მსოფლიო ლიტერატურასთან სიახლოვესაც გულისხმობს. ფამუქთან ირღვევა ტრადიციული რომანის ხაზი, მასთან იგრძნობა ტექსტის უკან მწერლის დაფარული ეგო, რომელიც გლობალურად აზროვნებს. ამაზე მისი რომანების მსოფლიოს ბევრ ენაზე თარგმანებიც მეტყველებს. ორჰან ფამუქის შემოქმედების მკვლევარი თურქი ქალბატონი სელმინ ქუშის თქმით, ორჰან ფამუქის რომანების კითხვისას, ისეთი შეგრძნება იბადება, რომ სტამბოლის ქუჩებში „სიმითის“ გამყიდველი ბიჭიც კი ძალიან ნაცნობი არის ჩვენთვის, ეს შეგრძნება შეიძლება ისევე ახლობელი იყოს ქართველი მკითხველისთვის, როგორც მაგალითად იაპონელისათვის. ამიტომაც არის ორჰან ფამუქი გლობალური მწერალი.

შვეიცარიელი ლიტერატურადმოცდე და კრიტიკოსი ჰორაცე ენგდაჰლი ფამუქის ცნობილი ავტობიოგრაფიული წიგნის შესახებ წერს: „დოსტოევსკიმ პეტერბურგი, ჯოისმა დუბლინი, პრუსტმა კი პარიზის აღწერით თითქოს ამ ქალაქებში დაასახლეს მკითხველი, ორჰან ფამუქმაც სტამბოლის სახით მკითხველებისთვის თითქოს მეორე ცხოვრების გასატარებელი ლიტერატურული ქალაქი შექმნა.“ ფამუქის ახალ რომანში „ჩემი გონების გაუცხოება“ (KAFAMDA BİR TUHAFLIK VAR), მოგვითხრობს ოსმალური დროიდან შემორჩენილი ტრადიციული სასმელის „ბოზა“-ს გამყიდველი პატარა ბიჭის ისტორიას, რომლის ზრდასთან ერთადაც ქალაქი სტამბოლიც იერსახეს იცვლის. მოვლენები 2014 წლამდე ვითარდება რომანში, პატარა ბიჭი გაიზარდა, დაბერდა კიდეც, მასთან ერთად სტამბოლიც შეიცვალა, თანამედროვე სტილის შენობებმა ძველი სტამბოლის სილამაზე დაფარა. ისევ სტამბოლი და მისი ვიწრო ქუჩები, ვარაყისფერი ბოსფორი და ნაპირებთან გორაკებზე შეფენილი მორთული სახლები. სტამბოლი ის ქალაქია, რომლის არსებობის გარეშეც, სავარაუდოდ ფამუქის რომანებიც არ შეიქმნებოდა.
მუსიკალური პაუზა

ორჰან ფამუქის ქართულ თარგმანებზე საუბრის დაწყებამდე ვიტყვით იმას, რომ ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში საქართველოშიც, ფამუქის შემოქმედება ინტერესს იწვევს. მისი ყოველი ახალი რომანი მაშინვე ითარგმნება და ლიტერატურულ წრეებში განხილვის თემად იქცევა ხოლმე. „ფამუქისტები“ ასეთი ტერმინიც კი გაჩნდა და მათ ფამუქის რომანების მკითხველებს უწოდებენ. შეიძლება ითქვას, ერთგვარ „მოდადაც“ კი იქცა დღეს საქართველოში ფამუქის კითხვა. თუმცა კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, უფრო ღრმა მიზეზებიც შეგვიძლია მოვიძიოთ იმაში, თუ რატომ ინტერესდება თანამედროვე თურქი მწერლის შემოქმედებით ქართული საზოგადოება. ერთხელ, ჯერ კიდევ იმ ხანებში, როცა ფამუქი საქართველოში არც თუ ისე ცნობილი იყო, ერთ-ერთ იურისტ მეგობარს, რომელსაც ფამუქის პირველი რომანი „ჯევდეთ ბეი და ვაჟიშვილები“ ჰქონდა წაკითხული, ვკითხე თუ რა მოეწონა მას ამ რომანში ან ზოგადად მწერლის ხედვაში. პასუხი მოულოდნელი და საინტერესო აღმოჩნდა. მისი თქმით, ამ რომანში არის ერთი ეპიზოდი, სადაც მთელი ოჯახი სუფრასთან შემომსხდარი სადილობს და ქვეყნისა თუ ყოველდღიური წვრილმანების ამბებს არჩევს. გადის წლები, ძველ თაობას ახალი ცვლის, ირგვლივ იცვლება ყველაფერი, ძველი თაობიდან შემორჩა მხოლოდ დიდი ბებო, რომელიც ცდილობს ძველებურად ერთი მაგიდის ირგვლივ შემოიკრიბოს შვილები, შვილიშვილები, მაგრამ ამ ტრადიციის აღდგენა უკვე შეუძლებელია, რადგანაც დროსთან ერთად დაიკარგა ერთობის შეგრძნებაც. ამ ოჯახის მაგალითზე ფამუქს უნდა გვაჩვენოს, რომ თურქეთი ტრადიციების რღვევის რელსებზეა შემდგარი, რაც მწერალში დამწუხრებას იწვევს. ფამუქი ტრადიციონალისტი არ არის, თუმცა მასში ჯერ კიდევ იმ ღირებულებებისადმი პატივისცემა არის დარჩენილი, რაც ბავშვობიდან მოჰყვება. ის რეალობა, რასაც ფამუქი დღევანდელ თურქეთში ხედავს, რომანებში ნათლად აისახება. ის ხანდახან დაუნდობლად კიცხავს თურქ ერს, მის ნაკლოვანებებს წარმოაჩენს. ჭრილობის მოსარჩენად მწარე მალამოს იყენებს, რომ მან უფრო მალე გამოიღოს შედეგი.

ქართულ მწერლობასაც სჩვევია მსგავსი მალამოს გამოყენება. მე არც „ფამუქისტი“ ვარ და არც მისი მეხოტბე. იმის თქმა მინდა, რომ ფამუქის შემოქმედებაში არის ის მწერლური სიღრმეები, რასაც „დაჭერა“ უნდა. დღევანდელი ქართული ლიტერატურა რეალობის აღწერას გაურბის თითქოს. ამიტომაც მკითხველი სხვა ქვეყნების რეალობის გარჩევითაა დაკავებული, ჩვენი სინამდვილე კი თვალსაწიერს გარეთ რჩება. ამიტომაც ვფიქრობ, ფამუქის მსგავსი „სინამდვილის აღმწერი“ მწერლისგან მაგალითის აღებაც შეიძლება. არა აქვს მნიშვნელობა იმას თუ მწერალი სადაურია, თურქი თუ ინდონეზიელი, თუკი ის საზოგადოებას ისე აღწერს, როგორიც ის სინამდვილეშია, მაშინ ასეთ მწერალს აუცილებლად დაუფასდება შრომა ადრე თუ გვიან. თუმცა ფამუქის შემთხვევაში ეს მისივე სიცოცხლეში ხდება.

ორჰან ფამუქის რომანებიდან ქართულად „ჯევდეთ ბეი და ვაჟიშვილები“ (მთარგმნელი: ნანა ჯანაშია), „მე წითელი მქვია“ (მთარგმნელი: ლია ჩლაიძე), „შავი წიგნი“, (მთარგმნელი: ნანა ჯანაშია), „უმანკოების მუზეუმი“ (მთარგმნელი: ეკატერინე ახვლედიანი), „მდუმარე სახლი“ (მთარგმნელი: ლია ჩლაიძე), „სტამბოლი-მოგონებები და ქალაქი“ (მთარგმნელი: თამარ ალფენიძე), „თოვლი“ (მთარგმნელი: ნანა ჯანაშია), „მდუმარე სახლი“ (მთარმნელი: ლია ჩლაიძე), „ახალი ცხოვრება“ (მთარგმნელი: თამარ ალფენიძე), ესეების კრებული „სხვა ფერი“ (მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი) არის თარგმნილი.

ფამუქი, დაუღალავი მწერალია, მისი შემოქმედება ერთი ღერძის-სტამბოლის ირგვლივ ტრიალებს და ამ ქალაქის აღწერით მსოფლიო ლიტერატურას ეხმიანება.
 



მსგავსი ინფორმაციები